Monday, May 20, 2019

კონტაქტური ბოსტანი – სტუდენტების მიერ სკოლაში შექმნილი მწვანე სივრცე


ქალაქ რუსთავში არსებობს სკოლა, სადაც დღესდღეობით დაბალკლასელები ნიადაგის დამუშავებას, მცენარეების დარგვასა და მათზე ზრუნვას სწავლობენ. ყველაფერი ეს კი 4 მეგობრის დამსახურებაა. კონტაქტური ბოსტნის ავტორები მარიამ ქავთარაძეანა დევიძეანა ბერიძე და გიორგი ნანიტაშვილი არიან. სტუდენტები ცდილობენ, მოსწავლეების დღეები მეტად შემეცნებითი გახადონ და პრაქტიკაში დაამკვიდრებინონ თეორიული ცოდნა. რა ხდება დღეს კონტაქტურ ბოსტანში და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ, ყველაფერ ამაზე Marketer.ge იდეის ავტორებს გაესაუბრა:

M: საიდან გაჩნდა კონტაქტური ბოსტნის შექმნის იდეა?
მარიამ ქავთარაძე: კონტაქტური ბოსტნის შექმნის იდეა დაახლოებით ერთი წლის წინ გაჩნდა, როდესაც მონაწილეობა მივიღეთ რუსთავის ამერიკული კუთხის, როტარი კლუბისა და ქალაქ რუსთავის მერიის მიერ განხორციელებულ პროექტში, “ინოვაციების ფესტივალში”. ჩვენი იდეა იყო, შეგვექმნა პატარა მწვანე სივრცეები ქალაქის სკოლებში. როდესაც ვფიქრობთ იდეებზე, მუდმივად ვიწყებთ იქიდან ფიქრს, თუ რა არ გვაქვს და კარგი იქნება, რომ გვქონდეს. საქართველოს სკოლებში, სამწუხაროდ, ნაკლებად ექცევა ყურადღება პრაქტიკული ცოდნის მიღებას. ჩვენ ვსწავლობთ თეორიულად და არ ვიცით ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ხერხები. კონტაქტური ბოსტნის იდეაც სწორედ აქედან წამოვიდა. ჩვენ გვინდოდა, შეგვექმნა ადგილი, სადაც ბავშვები ისწავლიდნენ თეორიულადაც, თუმცა უფრო მეტად პრაქტიკას მიექცეოდა ყურადღება და გაერთობოდნენ კიდეც. სწავლა უნდა იყოს სახალისო, ესაა ჩვენი მოტივი.
M: მისი კონცეფციის შესახებ მოგვიყევით – რას მოიცავს, რა მიზანი აქვს..
ანა ბერიძე: კონტაქტური ბოსტანი, ეს არის მწვანე სივრცე, სადაც ბავშვები მოდიან, სწავლობენ ნიადაგის დამუშავებას, ჩითილების გამოყვანის ხერხებს, მცენარეების დარგვას, მასშტაბებზე განაწილებას, მათ სწორად მოვლას და, რაც მთავარია, ისინი ამ ყველაფრისგან იღებენ დიდ სიამოვნებას. ჩვენი პროექტის მთავარი მიზანია, ბავშვებს სკოლაში, ბუნების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოვაყენებინოთ. მათთვის სწავლის პროცესი სახალისო და შემეცნებითი გავხადოთ. ეს პროექტი იმასაც ემსახურება, რომ ბავშვები ადრეული ასაკიდანვე დაუახლოვდნენ მიწასთან ურთიერთობას, გაიაზრონ, რომ ისეთი პროფესიის ადამიანები, როგორებიც არიან აგრონომები და მებაღეები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის.
M: გქონდათ თუ არა ამ საკითხთან რაიმე შეხება აქამდე თუ უბრალოდ მოხალისეობრივად დაიწყეთ?
გიორგი ნანიტაშვილი: ჩვენიდან მხოლოდ ჩემს პროფესიასთანაა ეს საქმიანობა ახლოს. მე ვსწავლობ აგრარულ უნივერსიტეტში, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე, შესაბამისად მცირე გამოცდილება პროექტის განხორციელებამდე მქონდა. თუმცა, დანარჩენების შემთხვევაში, ეს საქმიანობა მათთვის მხოლოდ ჰობი იყო. ბოსტნის შექმნამ ჩვენც ბევრი რამე გვასწავლა, რასაც ბავშვებს ვუზიარებთ. ჩვენ მათგანაც ბევრ რამეს ვსწავლობთ. ჩვენ, პროექტის ავტორები, დღემდე ვართ მოხალისეები, თუმცა გვაქვს სამომავლო გეგმები, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ.
M: როგორ განვითარდა და საბოლოოდ, როგორ განხორციელდა კონტაქტური ბოსტნის იდეა?
ანა დევიძე: თავდაპირველად მცირე გრანტი ინოვაციების ფესტივალზე მოვიპოვეთ. თუმცა, ეს პროექტის განხორციელებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ამიტომ, ჩვენ მიერ დაწერილი პროექტი წარვადგინეთ ფონდ “ორბელიანი საქართველოს” მიერ გამოცხადებულ კონკურსზე. ჩვენი პროექტი დაფინანსდა ქალაქ რუსთავის მერიის, ფონდი ორბელიანისა და შვედეთის მთავრობის მიერ. აქტიური მუშაობა თებერვლიდან დავიწყეთ, ხოლო ახლა უკვე ჩვენს გამწვანებულ ბოსტანს სულ მალე საჯაროდ გავხსნით.
M: სად არის განთავსებული იგი?
გიორგი ნანიტაშვილი: ქ.რუსთავის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის #16 საჯარო სკოლაში. ბოსტნის განვითარებაში აქტიურად არიან ჩართულები სკოლის მასწავლებლები, დირექცია, მანდატურები (არამარტო ამ სკოლის, ქალაქის მასშტაბით), მშობლები, სკოლის შემოგარენში მცხოვრები ადამიანები. განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს მანდატური დავით დაბრუნდაშვილი, რომელმაც ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია ბოსტნის დაგეგმარების თვალსაზრისით.
M: რა ხდება დღეს თქვენს ბოსტანში?
ანა ბერიძე: ბოსტანში უკვე ყველაფერი დარგულია: კიტრი, პომიდორი, წიწაკა, რეჰანი, ბადრიჯანი, ბროკოლი, ლობიო, სალათის ფურცელი, პიტნა, ტარხუნა, მარწყვი, მოცხარი, მაყვალი, საზამთრო და ნესვი. ასევე ბოსტნის შუაგულში ფერადფერად ყვავილებსაც იპოვით და ზეთისხილის ხეებსაც. ბავშვები დიდი შემართებითა და ენთუზიაზმით იღებენ მონაწილეობას მცენარეების მოვლაში. თუკი რაიმე მიზეზის გამო ჩვენი შეხვედრა ვერ ხერხდება, ისინი დამოუკიდებლადაც რწყავენ და უვლიან მცენარეებს.
M: ვინ არიან მისი სამიზნე ობიექტები და როგორ ფიქრობთ, რა დატვირთვა აქვს მათთვის ამ ბოსტანს?
მარიამ ქავთარაძე: სამიზნე ჯგუფს ძირითადად მე-5, მე-6, მე-7 კლასის მოსწავლეები წარმოადგენენ. ბავშვები გარდა მიწასთან მუშაობისა, სწავლობენ გუნდურ მუშაობას, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას, მოხალისეობრივ შრომას და რაც მთავარია, აქტიურად ერთვებიან როგორც სკოლის, ასევე ქალაქის განვითარებაშიც. ბოსტანი ის ადგილია, სადაც ყველა ბედნიერია, სადაც მოსვლა ბავშვებს ენერგიით ავსებს.
M: სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
ანა დევიძე: სამომავლოდ ვგეგმავთ ბოსტანი გადავაქციოთ ერთგვარ სტარტაპად. უფრო და უფრო მეტ სკოლაში გავაჩინოთ ასეთი სივრცეები, გვინდა, პატარა სათბურების გაკეთებაც. და რაც მთავარია, გვინდა ჩვენ მიერ მოყვანილი ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი დავაფასოოთ კიდეც. თუმცა, ეს ყოველივე ჯერ იდეის დონეზეა და შეძლებისდაგვარად ვმუშაობთ იმაზე, რომ სამომავლო გეგმები იქცეს რეალობად, როგორც ჩვენი ბოსტნის იდეა ვაქციეთ სინამდვილედ!

No comments:

Post a Comment