და მოვიდა, წამებო,
შფოთიანი ტფილისი:
პოეტების სამეფო!“
გალაკტიონ ტაბიძე
პოეტები ხშირად ემსგავსებიან საკუთარ ქალაქებს. უფრო ხშირად კი, იმსგავსებენ მათ. სანკტ-პეტერბურგი ალბათ, ყველაზე მეტად ბროდსკის გავს, პარიზი _ ვერლენს, თბილისი კი გალაკტიონს.
ვერავინ გადამარწმუნებს, რომ რაღაც მისტიკური კავშირი არაა მათ შორის, ან ერთმანეთის ბედისწერას არ განსაზღვრავენ. მით უფრო, თუ ქალაქები ყველაზე მკაფიოდ, თვალშისაცემად და მუდმივობის ძალით სწორედ პოეტების წიგნებში აღიბეჭდებიან, როგორც ისტორიის უტყუარი პალიმფსესტები. დრო ქრება, შესაძლოა _ ქალაქებიც, თუმცა მათი ანაბეჭდები ჯიუტად ატყვია პოეტების შემოქმედებას. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, წავიკითხოთ და დავინახოთ.
ვერავინ გადამარწმუნებს, რომ რაღაც მისტიკური კავშირი არაა მათ შორის, ან ერთმანეთის ბედისწერას არ განსაზღვრავენ. მით უფრო, თუ ქალაქები ყველაზე მკაფიოდ, თვალშისაცემად და მუდმივობის ძალით სწორედ პოეტების წიგნებში აღიბეჭდებიან, როგორც ისტორიის უტყუარი პალიმფსესტები. დრო ქრება, შესაძლოა _ ქალაქებიც, თუმცა მათი ანაბეჭდები ჯიუტად ატყვია პოეტების შემოქმედებას. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, წავიკითხოთ და დავინახოთ.
ეს ფიქრი ერთმა კარგმა კრებულმა აღმიძრა, უფრო სწორად, ამ კრებულშია თავმოყრილი ყველა ის ნიუანსი, მოვლენა, ფოტო, ლექსი თუ აქცენტი, საიდანაც მკითხველს გალაკტიონის და თბილისის ურთიერთობაზე ყველაზე მკაფიო შთაბეჭდილება დარჩება.
„გალაკტიონ ტაბიძე და თბილისი“ _ ასე ჰქვია წიგნს, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ ცოტა ხნის წინ გამოსცა. ვახტანგ ჯავახაძის მიერ შეკრებილი ფასდაუდებელი მასალა, გაფორმებული ნინო ანდრიაშვილის ძალიან საინტერესო დიზაინით და შესრულებული მაღალი პოლიგრაფიით, იმ ხარისხის წიგნად იქცა, რომელიც საგანძურის მნიშვნელობასაც ითავსებს ხოლმე და გურმანი მკითხველების სამაგიდო წიგნების სივრცეში ბინავდება.
„გალაკტიონის შემოქმედებიდან მხოლოდ ლექსების სათაურებიც საკმარისია იმისთვის, რომ გალაკტიონის და თბილისის განსაკუთრებულ სიყვარულზე დიდხანს ვილაპარაკოთ. გალაკტიონთან დაკავშირებით დაუსრულებელია თემები და მოტივები მზეზე, ცაზე, სამყაროზე, ადამიანზე და… ყველაფერზე, რომელიც სიტყვით სხვადასხვა ფერწერული ტილოებივითაა დახატული…“ _ წერს კრებულის შესავალში თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი ნინი სანადირაძე.
გადაშლით და ვეღარ მოწყდებით კრებულს _ ამის გარანტიას ის ერთმანეთზე საინტერესო ამბები, პოეტის ჩანაწერები, მისივე ხელნაწერები, ფოტოები და კომენტარები იძლევა, რომლებიც ზუსტად იმ შთაბეჭდილებებით იფურცლება, როგორითაც თბილისის ნაცნობ თუ უცნობ ქუჩებში ინტერესიანი და თავგადასავლიანი ხეტიალი იწვევს.
გალაკტიონისთვის თბილისი ფეხბედნიერი ქალაქი აღმოჩნდა _ პირველად, 17 წლისა ჩამოვიდა, 1908 წელს და ამ წელსვე ემთხვევა მისი ლიტერატურული დებიუტი. ყველა შემოქმედებითი წარმატება, აღმაფრენა, ტკივილი და სიკვდილის მისტიკაც კი _ თბილისს უკავშირდება. „მე ეხლაც გუშინდელი დღესავით მახსოვს თბილისში ჩამოსვლის პირველი დღე. ენკენისთვის პირველი დღეები. მზე არ სჩანდა და ჰაერი დაგუბებული იყო, სუნთქვა მიძნელდებოდა. სოფლებიდან ჩამოსული სემინარიელები იდგნენ სემინარიის შენობის წინ, ერევნის მოედნის ახლო. აქა-იქ გუნდებად დაყოფილ სემინარიელებში ცხარე კამათი იყო გაჩაღებული. კარგად არ მახსოვს თუ რაზე კამათობდნენ. მხსოვს მხოლოდ სემინარიელების ანთებული სახეები და გაბრწინებული თვალები“ _ იგონებს პოეტი.
გალაკტიონის უბადლო მკვლევარი და მემატიანე, პოეტი და კრებულის შემდგენელი ვახტანგ ჯავახაძე, რომელმაც თავისი მრავალწლიანი შრომის ნაყოფით, ვრცელი ბიოგრაფიული წიგნით (მგონი არც არსებობს მეორე ასეთი ნიმუში ჩვენს ლიტერატურაში) „უცნობი“ მომავალს დაუტოვა გალაკტიონის ყველაზე ნამდვილი, ერთდროულად მიუწვდომელი და ზუსტი პორტრეტი, კრებულის დასასრულს იმ აქცენტებს გამოყოფს, რომლებიც პოეტის და თბილისის ურთიერთობაში, მათ გაბმულ, დინამიკურ და ჯადოსნურ დიალოგში ყველაზე თვალშისაცემია:
„თბილისი მისთვის არ იყო ქალაქი, სადაც რომელიღაც ქუჩაზე რომელიღაც სახლში ცხოვრობდა. მთელი თბილისი იყო მისი სახლი, რომლის ქუჩებში და ბაღებში გალაკტიონმა უფრო მეტი საათები, დღეები, ღამეები, თვეები და წლები გაატარა, ვიდრე ოთხ კედელს შორის. ყოველ დილით იგი გადიოდა სახლიდან და შედიოდა თავის დიდ სახლში, სადაც მას თითქმის ყველა თბილისელი იცნობდა…
გალაკტიონი ყველაზე კარგად იცნობდა დედაქალაქის ყველა კუთხე-კუნჭულს. აღრიცხავდა:
_ მუზეუმები თბილისში
_ ხიდები თბილისში
_ თბილისის სადარბაზოები
_ ტფილისის ბაღები
_ ტფილისის ხეები…“
გალაკტიონი ინიშნავდა ამინდებს, ადგილებს, რომლებიც რაიმე მოგონებას უკავშირდებოდა; მათემატიკურ განტოლებებად აქცევდა ტრანსპორტის მოძრაობის სტატისტიკას ამა თუ იმ ქუჩაზე. ოცნებობდა საკუთარი სახელობის ქუჩაზე, სანაპიროზე; იძლეოდა რეკომენდაციებს ქალაქის მოსაწყობად და გასამშვენებლად; უყვარდა მთაწმინდა და ხშირად იყო მისი სტუმარი. ბოლოს კი, საერთოდაც, მთაწმინდის სამუდამო ბინადარი გახდა.
თბილისი დღესაც აღელვებს ხელოვანებს, შთააგონებს პოეტებს, რეფლექსიისკენ უბიძგებს ისტორიკოსებს, ფილოსოფოსებს. თუმცა, სულ სხვაა გალაკტიონის თბილისი, მას ვერსად ნახავთ, შესაძლოა ა(ღა)რც არსებობს, ის მხოლოდ პოეტის სიცოცხლეს დაესწრო და მასთან ერთად გაქრა.
სამაგიეროდ, დარჩა პოეზია და უბის წიგნაკები, რამდენიმე ფოტოც, რომლებიც უტყუარად იტყობინება, რომ ეს დიდი ამბავი _ პოეტის და თბილისის სიყვარულისა _ ნამდვილად მოხდა.
ეს კრებულიც ამ სიყვარულის ამბის დასტურია. ჩვენ, მასთან ყოველი შეხებისას, შეგვიძლია ამ ქალაქში, გალაკტიონთან ერთად ვიხეტიალოთ.
No comments:
Post a Comment