Friday, June 28, 2019

სამაგიდო თამაშები – სასწავლო წლის ხალისიანი ბოლო კვირა

რა უნდა იყოს იმაზე დიდი ბედნიერება, როცა მასწავლებელი ცდილობს მოსწავლეთათვის ხალისიანი სასწავლო გარემოს შექმნას; მათი სურვილების გათვალისწინებით  საინტერესო, ინტერაქტიური დავალებების შექმნას; და რაც ყველაზე დიდ ბედნიერებას ანიჭებს ბავშვებს – თამაშით სწავლებას.
ყოველი სასწავლო წლის დასასრულს ვეძებ რაღაც განსხვავებულს, სახალისოს. როდესაც  ცხელა და რაღაცნაირად მოსაწყენი ხდება სკოლაში სიარული, მართლა ძნელია მოსწავლეების ყურადღების კონცენტრირება და ძალაუნებურად პატარ-პატარა თამაშებით ვცდილობ ხოლმე ამ დღეების გახალისებას.
სკოლის დამთავრებამდე ერთი თვით ადრე, ჩემს ჭკვიან მეოთხეკლასელებს შევთავაზე, ეფიქრათ ისეთი სამაგიდო თამაშების შექმნაზე, რომლებიც სახალისოც იქნებოდა და ამავდროულად,  წლის განმავლობაში ქართულ ენასა და ლიტერატურაში შესწავლილი მასალის გამეორებას შეუწყობდა ხელს.
გულწრფელად გეტყვით, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რაც მათ შეძლეს. მუშაობდნენ წყვილებში, ოთხეულში (სურვილისამებრ) და ბოლოს, სამოდელო გაკვეთილზე, მაღალ დონეზე შესრულებული სამაგიდო თამაშები წარადგინეს.
ოცნებობენ, მოიპოვონ დაფინანსება, რათა მათ მიერ შექმნილი თამაშები ბევრი ბავშვისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. ამავდროულად, სურვილი აქვთ, პოპულარიზაცია გაუწიონ საკუთარ ნამუშევრებს.
ყველაზე მეტად, რამაც უდიდესი სიხარული მომგვარა, ის იყო, რომ თავიანთი ჩანაფიქრის განხორციელება შეძლეს აბსოლუტურად ჩემგან ჩაურევლად. ვხედავდი, ერთმანეთში როგორ აზუსტებდნენ დეტალებს, არ მოდიოდნენ ჩემთან, და არც მე ვუსწორებდი რამეს.
საბოლოოდ, მოსწავლეებმა, წყვილებში და ოთხეულში შექმნეს სრულიად ორიგინალური, განსხვავებული და შემეცნებითი ექვსი სამაგიდო თამაში.


,,ცისარტყელას ლექსიკონი’’, რომელშიც ცისარტყელას ფერები განსაზღვრავს დავალების პირობას, რა სირთულის სიტყვები უნდა განმარტონ მოსწავლეებმა.





,,გამოიყენე შენი ცოდნა’’ – სათამაშო დაფაზე და კონვერტებში განთავსებულია ანდაზები, ფრაზეოლოგიზმები, მეტყველების ნაწილები, ნაწარმოებების სათაურები, დაუსრულებელი  წინადადებები. სადაც კამათელი გაჩერდება, მინიშნებით ეძებენ მოსწავლეები შესაბამის კონვერტს.


,,მოთხრობანა’’  –  სათამაშო დაფაზე განთავსებულია ილუსტრაციები. რომელ ილუსტრაციაზეც კამათელი გაჩერდება, ამის მიხედვით მოთამაშეები ადგენენ  წინადადებებს, შემდეგ – მოთხრობებს.

,,გაიქეცი სიტყვების ტყვეობიდან’’ – სათამაშო დაფაზე, ,,ა’’-დან ,,ჰ’’-მდე ასო-ბგერების ,,ტყვეობაში’’, განთავსებულია ლაბირინთი, უამრავი პირობითი ნიშანი და ისარი, რომელთა დახმარებით მოთამაშეებმა უნდა ახსნან სიტყვები; გაიხსენონ ანდაზები ობობას ქსელიდან თავის დასაღწევად; დაალაგონ არეული წინადადებები, კასრიდან რომ ამოვიდნენ; განმარტონ რთული სიტყვები, ხიდი რომ ააშენონ; უნდა შეადგინონ წინადადებები, რომლებიც გვირაბიდან გამოსვლაში უნდა დაეხმაროს ნაწარმოებების პერსონაჟებს.

,,გამოცანები’’ – ფერად  ყუთებში მოთავსებულია ფურცლებზე დაწერილი გამოცანები. სათამაშო დაფაზე განთავსებული პირობითი ნიშნების, ნაწარმოებების პერსონაჟებისა და ისრების დახმარებით მოთამაშეებმა უნდა გამოიცნონ და ამავდროულად, თვითონ მოიფიქრონ გამოცანები.

 

,,ამოუხსნელი ლექსიკონი’’ – სათამაშო დაფაზე განთავსებულია ორიგინალური დავალებები: ,,განმარტე სიტყვა 20 სხვადასხვა მნიშვნელობით’’, ,,ახლა დაისვენეთ რთული სიტყვებისგან’’, ,,კარგი’’ და ,,ცუდი’’ ბარათები. სწორად ახსნილი სიტყვები ფასდება  10000 ქულით.



ასეთი სახალისო იყო ჩემი მოსწავლეებისთვის სასწავლო წლის ბოლო ცხელი კვირა.
განსაკუთრებულად უხაროდათ, როცა სხვა კლასის მოსწავლეებს უზიარებდნენ და მათთან ერთად თამაშობდნენ, ან დროებით ათხოვებდნენ სათამაშოდ…
და როცა, პირობის თანახმად შემახსენეს, როდის ექნებოდათ საფინალო შემაჯამებელი გაკვეთილი, სწორედ მაშინ აღმოაჩინეს, რომ უკვე შეჯამებული ჰქონდათ მთელი წლის გარჯის შედეგად მიღებული ცოდნა.
წყარო: ჟურნალი მასწავლებელი

No comments:

Post a Comment