ლიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა მდინარე რიონში გადაშენების პირას მყოფი მინიატურული ზომის ვარსკვლავისებური ზუთხი აღმოაჩინეს.
მთელ კონტინენტზე შემორჩენილი ზუთხის 3 პოპულაციიდან ერთ-ერთი სწორედ საქართველოში, მდინარე რიონში ბინადრობს. ამიტომ, 2018 წლიდან Fauna & Flora International (FFI)-მა გლობალური მნიშვნელობის ზუთხის პოპულაციის დაცვის მიზნით, მდინარე რიონზეც დაიწყო საცდელი პროექტი, რომელშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტები – ეკოლოგი თამარ ედიშერაშვილი, გენეტიკოსი ქეთევან ჯანაშვილი და დოქტორანტი თამარ ბერიძე იყვნენ ჩართული. სწორედ მათ აღმოაჩინეს კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფი ვარსკვლავისებური ლიფსიტა, მისი რიცხოვნობის შემცირების შესაჩერებლად მნიშვნელოვანი სამეცნიერო მონაცემები შეაგროვეს, შემდეგ კი, უვნებლად დააბრუნეს მდინარეში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ორგანიზაცია FFI-ს ერთობლივი პროექტის მიზანი ერთ დროს ევროპის უდიდეს მდინარეებში ფართოდ გავრცელებული, ამჟამად კი უკანონო თევზჭერისა და ვაჭრობის გამო, კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფი ზუთხის პოპულაციის დაცვაა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, სტუდენტებმა პროექტში ჩართვამდე შვედეთის Postcode Foundation-ის მხარდაჭერით, ავსტრიასა და რუმინეთში სპეციალური ტრენინგები გაიარეს. ამჟამად კი, საჭირო უნარ-ჩვევებითა და სათევზაო მოწყობილობებით აღჭურვილები, რიონზე გადაუდებელ საველე და გენეტიკურ კვლევებს აგრძელებენ.
No comments:
Post a Comment