ერთ-ერთ სტატიაში ვისაუბრეთ, რომ თანამშრომლებს შორის მეგობრობა პოზიტიურად აისახება კომპანიის მიზნებზე. თუმცა, რა ხდება მაშინ, როცა მეგობრობა ხელს უშლის სამუშაოს შესრულებას? როგორ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ პრობლემა უმტკივნეულოდ მოვაგვაროთ იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთობა სამუშაოს საზღვრებს სცილდება?
ექსპერტები ამბობენ:
ემპათია ემოციური ინტელექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნებაში გვეხმარება. თუმცა, არსებობს ზღვარი, რომელიც უნდა გაავლო შენს კარიერულ მისწრაფებებსა და თანამშრომელთა პრობლემების გაზიარებას შორის. იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი შენს ენერგიაზე ნეგატიურად მოქმედებს და პროდუქტიულობას ამცირებს, გვეუბნება სიუზან დევიდი – „ემოციური სიმარჯვის“ ავტორი, „უნდა იმოქმედო, რომ ასეთი ურთიერთობა დასრულდეს“. პენსილვანიის უნივერსიტეტის სტიპენდიატი და მკვლევარი, ანი მაკკი, ავტორი წიგნისა, „როგორ ვიყოთ სამსახურში ბედნიერები“ ამბობს: „კარგად ჟღერს, რომ იყო ემპათიური, თუმცა ის მძიმე ვალდებულებად არ უნდა იქცეს“.
თუ ბევრ დროს ხარჯავ სხვისი პრობლემების მოგვარებაში და ეს რეალურად, საქმეს გიფუჭებს, შევეცდებით, რამდენიმე რჩევა გაგიზიაროთ ამის გამოსასწორებლად:
დააკვირდი ნიშნებს
როცა შენთვის პრიორიტეტად სხვისი პრობლემების მოგვარება იქცევა, ეს ნიშანია, რომ რაღაც უნდა შეცვალო, აუცილებლად! ამის კიდევ ერთი მანიშნებელი ემოციური არასტაბილურობაა. ასეთ დროს რამდენიმე კითხვა უნდა დაუსვა საკუთარ თავს: ეს ურთიერთობა ხელს მიწყობს იმ კარიერული მიზნის მიღწევაში, რომელიც დასახული მაქვს? კომფორტულად ვგრძნობ თავს, როცა ჩემი თანამშრომლისგან განსხვავებულ შეხედულებებს გამოვხატავ? მე უფრო მეტ ძალისხმევას ვხარჯავ მისი საქმის ხარისხიანად შესრულებაზე, ვიდრე თავად ის? – თუ ყველა ზემოჩამოთვლილზე პასუხი უარყოფითია – ეს პრობლემაა.
არ დაადანაშაულო სხვა ადამიანი
იმის გააზრება, რომ თანამშრომელთან მეგობრობას შენთვის ბედნიერება არ მოაქვს, ბუნებრივია, ამით გაღიზიანდები. ადამიანები მიდრეკილები ვართ, რომ სხვები დავადანაშაულოთ, თუ რაღაც ისე არ მიდის, როგორც გვინდა – ეს არამოგებიანი სიტუაციაა. მთავარია, სწორად განვსაჯოთ, რა გვაღიზიანებს კონკრეტულ ადამიანში: პირადული რამ? იქნებ, ის, სამსახურში როგორ იქცევა? საერთო ჰობი ხომ არა? ამის გარკვევა დაგვეხმარება, რომ ურთიერთობის კონკრეტულად ის ნაწილი გამოვასწოროთ, რომელიც ხელს გვიშლის ჯანსაღ ურთიერთობაში.
უეცრად არ შეწყვიტო მასთან ურთიერთობა
ურთიერთობის მოულოდნელად დასრულება ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა. ჯობს, თანდათანობით იზრუნო ამაზე და კონკრეტული პრობლემის გამოსწორებაზე ორიენტირებული პატარა ნაბიჯების გადადგმით გადაარჩინო ურთიერთობა.
თუმცა, შეცვალე მასთან საუბრის ტონი
უხერხულია, მეგობარს უთხრა, რომ მასთან უფრო ნაკლები დროის გატარებას აპირებ. „ხანდახან ასეთი ჯანსაღი ურთიერთობებიც კი არსებობს, თუმცა ძალიან, ძალიან იშვიათად“, – ამბობს მაკკი. საკომუნიკაციო არხებად გამოიყენე ის საშუალებები, რომელიც თქვენს ახლო ურთიერთობას შეასუსტებს. მაგალითად, თუ ადრე პირისპირ საუბრობდით, ახლა ტელეფონით საუბარზე გადადი. თუ ვიდეოზარებით გქონდათ კომუნიკაცია, ჩაანაცვლე ელექტრონული ფოსტით და ა.შ. როგორც კი მოგეცემა შესაძლებლობა, ხაზი გაუსვი თქვენს პროფესიულ ურთიერთობას, სამსახურსა და შენს კარიერაში მის მნიშვნელობაზე ისაუბრე. მოკლედ, როგორც ფიზიკური, ისე ემოციური დისტანცია დაიჭირე.
დაავიწროვე თქვენი ურთიერთობის საზღვრები
როცა თანამშრომელი შენგან მუდმივად დახმარებას მოითხოვს, დააკავშირე ის კომპეტენტურ ადამიანთან. უთხარი, მაგალითად: „მგონია, რომ წრეზე დავდივართ. შენთვისვე აჯობებს, საკითხის უფრო მცოდნეს დაუკავშირდე და ბევრად უფრო სწრაფად იპოვო გამოსავალი“.
შეინარჩუნე წონასწორობა
ზემოჩამოთვლილის რეალურად განხორციელება არც ისე მარტივია, რადგან მეგობარმა თანამშრომელმა შეიძლება ხელი შეგიშალოს ამაში, თავისდაუნებურად. უბრალოდ, იმავე ურთიერთობის გაგრძელებით, რომელსაც შენთანაა მიჩვეული. მიუხედავად ამისა, უარს ნუ იტყვი შენს გადაწყვეტილებაზე. მაგალითად, თუ გკითხავს, რატომ აღარ გაქვს მასთან ლანჩი, უთხარი: „მეც მომენატრა ჩვენი საუბრები, მაგრამ ხომ იცი, როგორი სამუშაო მაქვს, კონცენტრირება მჭირდება“. ან შეგიძლია, ასეთი უკუკავშირი შენს სათქმელად გამოიყენო და იმაზე დაელაპარაკო, რაც მართლა გაწუხებს. მოკლევადიანი უსიამოვნებები ნამდვილად ღირს იმისთვის, რომ შენი ენერგიის გაწურვა ვინმეს საქმიანობად რომ არ იქცეს, ანუ გრძელვადიან პერსპექტივაში ბედნიერი და პროდუქტიული, ამასთანავე სასიამოვნო თანამშრომელი იყო.
მაგალითი #1 – ელი და კარლოსი დიდი ფირმის თანამშრომლები იყვნენ.
კარლოსი რეგულარულად ეწუწუნებოდა მას, რომ ბევრი სამუშაო ჰქონდა და იგრძნო რა ელის ემპათიური განწყობა, მისთვის სამუშაო ამბებიდან, პირადი პრობლემების გაზიარებაც დაიწყო. მაგალითად, ის, რომ საცხოვრებელი ადგილი უნდა შეეცვალა, მისი და ავად იყო და სხვა ამბები.
დროთა განმავლობაში, ელიმ გაიაზრა, რომ ის დრო, რომელსაც კარლოსი მისგან მოითხოვდა, ყოველგვარ ზღვარს სცილდებოდა და სამუშაო პროცესში მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი სწორედ მისი პრობლემები იყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ კარლოსი ავარიაში მოჰყვა და რამდენიმე კვირა სამსახურში სიარულს ვერ შეძლებდა, წარმოიდგინა მისი ბანკის ვალები, თავი ვალდებულად იგრნო, რომ ამაზე ენერვიულა: „ვგრძნობდი, რამხელა სურვილი მქონდა, რომ მისთვის მესმინა, ჩემი ემპათიურობა მაიძულებდა ამას“.
როცა სხვა კოლეგა შეშფოთდა ელის საქციელით და უთხრა, რომ ზედმეტად ბევრ დროს ხარჯავდა კარლოსთან ტელეფონზე საუბარში, ურჩია, რომ რაღაც შეეცვალა. ეს კი ნიშნავდა, რომ როცა კარლოსი ელის დაურეკავდა, როგორც ელის საქმეს არ გაუფუჭებდა, ისე უნდა მოქცეულიყო.
შემდეგ ჯერზე, როცა კარლოსმა დარეკა, ელიმ ურჩია, რომ საკუთარ პრობლემებზე სხვა მეგობართან ეცადა საუბარი, ვისაც იმ მომენტში თავისუფალი დრო ექნებოდა, ან სულაც, მშობლებს დალაპარაკებოდა. ელის გასაოცრად, კარლოსმა აღარ დაურეკა. „ეს ნამდვილად დაეხმარა მას, რომ სხვებთან დაემყარებინა კომუნიკაცია“. შემდეგი ნაბიჯი ელექტრონული ფოსტით უკუკავშირი იყო მის ხმოვან შეტყობინებებზე. მერე ელიმ ისიც მოახერხა, რომ მის სამუშაო მაგიდასთან გაჩერებული კარლოსისთვის ეთქვა, რომ ამჟამად, დაკავებული იყო, ელ. ფოსტაზე მოეწერა მისთვის და როგორც კი შეძლებდა, მაშინვე უპასუხებდა. „გავაანალიზე, რომ მისი გადამეტებული სურვილი, საკუთარი ამბების გაზიარებისა, იყო იმის ცდა, რომ დარწმუნებულიყო, მე მის მხარეს ვარ. ამაში ის დავარწმუნე. ახლა ბევრად უფრო დაბალანსებული ურთიერთობა გვაქვს“, – ელი.
მაგალითი #2 – სოფია ბლანდი და მისი მეგობარი ქეროლი, კოლეჯიდან, რომელიც მისივე კომპანიაში მუშაობს.
ერთ დღესაც, სოფიამ აღმოაჩინა, რომ ქეროლს პატიობდა ისეთ რაღაცებს, რომელსაც სხვა თანამშრომლის შემთხვევაში არასდროს დაუშვებდა მსგავსს. ქეროლი აგვიანებდა, უკვე დანიშნულ თათბირს სხვა დროისთვის გადადებდა ისე, რომ არც კი ჩააყენებდა დანარჩენ თანაშრომლებს საქმის კურსში. სოფიას გადმოსახედით, ქეროლი იყენებდა საკუთარ უპირატესობას და დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად ჰყვებოდა, რომ სახლში ბევრი საქმე ჰქონდა ან მეგობარ ბიჭთან, ბოლო დროს, პრობლემები ჰქონდა და ა.შ.
დროთა განმავლობაში, სოფიამ აღმოაჩინა, რომ ქეროლის საქციელი სხვა თანამშრომლებზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენდა და გადაწყვიტა, „ეს უაზრობა რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო“.
ქეროლი ვახშამზე დაპატიჟა და პირისპირ საუბრისას, აუხსნა, რომ მისი საქციელი სხვებისთვის უსამართლო იყო. ცივილური დიალოგი შედგა და საბედნიეროდ, ქეროლმა სწორად მიიღო ის გზავნილი, რადგან ქცევა შეცვალა. „დღეს, ქეროლი ჩვენთან აღარ მუშაობს, თუმცა ჩვენ ისევ მეგობრები ვართ. ჩვენი კორპორატიული კულტურა კი ჯანსაღად მუშაობს“.
წყარო: HBR
No comments:
Post a Comment