მოსწავლეობისას ხშირად მიძებნია სკოლის ამბები წიგნებში. მაინტერესებდა, ამ კედლებდაბზარული, ფერგახუნებული საკლასო ოთახის მიღმა თუ არსებობდა მისი მსგავსი – ზამთარ-ზაფხულ ერთნაირად ცივ კედლებს შეფარებული მზერამოქუფრული მასწავლებლებით, კარს მიღმა მშობელივით მომლოდინე ომით, ნავთის სუნით გაჟღენთილი სკოლის ამბავი. იმ მოთხრობას დასასრულიც ექნებოდა, იმედის მომცემი დასასრული, რომელიც ჩემი მერხიდან ჯერ კარგად არ ჩანდა და ასე მეგონა, ფურცლებზე მაინც თუ მივაგნებდი და ამოვიკითხავდი, ახდებოდა.
პირველად რეალური ისტორიები ჩემი საუკუნის სკოლასა და მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაზე ნოდარ დუმბაძის წიგნებში ამოვიკითხე. „წარმოშობით ტანკისტი“ ლევან გურიელიძეები („მე ვხედავ მზეს“) ისტორიის გაკვეთილს აქაც სკოლის კედლებს მიღმა გაჩაღებული სამოქალაქო ომის განხილვით იწყებდნენ. სამუსიკო სასწავლებელშიც აღმოაჩენდით ელენა მიხაილოვნას („HELLADOS“), რომელსაც ექნებოდა დახვეწილი გემოვნება და საკუთარ სტანდარტს მორგებული საგამოცდო სისტემა. მოსაცდელ ოთახს, აკვარიუმით თუ არა, ქოთნის მცენარეებით გაალამაზებდა და ერთხელაც ლოდინით გაბეზრებული რომელიმე მოსწავლე უნებლიეთ დაუზიანებდა…
მალე ხელში ჩამივარდა რევაზ ინანიშვილის მოთხრობების კრებული, რომელიც სავსე იყო საოცრად მყუდრო მოგონებებით სკოლაზე. ყველაზე მეტად ერთი მოთხრობა დამამახსოვრდა – „ჩემი ბავშვობის სკოლა“. მწერალი იხსენებდა სოფელში ცხოვრების პერიოდს, წისქვილის არხის პირას, შემაღლებულზე აშენებულ ქვევითსკოლას, ოთხი საკლასო ოთახით და „ღუდღუდა“ სამასწავლებლოთი, ზურგჩანთაში წიგნების და რვეულების გვერდით „ჩაჭყუნულ“ ხილს, უჩვეულო შესვენებებს, „კუდიანებს“ შეჩვეული „მაგარი ბიჭები“ არხში ბანაობისთვის რომ იყენებდნენ, „ძალიან კარგი რამეების სწავლით“ გულმოჯერებულ მოსწავლეებს, ტყეში ჩატარებულ ბუნებისმეტყველების გაკვეთილებს, ყინულზე წაქცეულ მასწავლებლებს და სიცილშეკავებულ მოსწავლეებს…
„ნისლი რომ იყო და იმ ნისლში მაღლიდან გადახედავდი ჩვენს სკოლას, გეგონებოდა, მშვენიერ ოცნებაში ხდებოდა ყველაფერი. ადიოდა სწორად და ნისლს უერთდებოდა კვამლები. იმ კვამლებს ასდევდა ბარტყივით პირდაღებული ბავშვების სიმღერა… გეგონებოდა, ერთი მონდომება, ერთი გარჯა, და მოსდებდა თოკს კაცი იმ სკოლას თავის ბავშვებიან-კვამლებიანად, აიკიდებდა და წაიღებდა თოვლში“.
ამ მოთხრობამ გამიცოცხლა ჩემი სოფლის სკოლა, თბილისის ომის დროს ცოტა ხნით რომ შემიფარა. მართალია, ,,ზევითსკოლის“ მსგავსად დიდი იყო და არც წისქვილის არხთან იდგა, მაგრამ ჩემს ზურგჩანთაშიც აღმოაჩენდით ლოყაწითელა ვაშლებს. არხში არა, მაგრამ დიდთოვლობისას, დიდ შესვენებაზე „მაგარი ბიჭები“ საკლასო ოთახის ფანჯრებიდან თოვლის ზვინებში ხტებოდნენ და „კუდიანებსაც“ დაუზარლად აგროვებდნენ. წვიმით დანისლულ ამინდში შეშის ტკაცუნში ჩატარებულ გაკვეთილებსაც ინანიშვილის მოგონების მსგავსი სურნელი ასდიოდა.
მოგვიანებით გოდერძი ჩოხელის წიგნებსაც მივაგენი. „ლუკას სახარებაში“ აღწერილი სკოლა აკაკი წერეთლისეულ გიმნაზიას უფრო ჰგავდა, ვიდრე მეოცე საუკუნის სასწავლებელს. ჩოხელის სკოლამ გურამ დოჩანაშვილის ,,ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები“ გამახსენა. მიუხედავად იმისა, რომ თხზულება მაგიური რეალიზმის ნისლშია გახვეული, მასში აღწერილი ამბები არცთუ ისე არადამაჯერებელია. იშვიათად, მაგრამ მაინც შეხვდებით ბესამეს (მოსწავლე), რომელიც უშიშრად ეწინააღმდეგება კარტუზოს (ისტორიის მასწავლებელი) და რექსაჩეს (წყალბურთის მწვრთნელი). ისინი კი ჯიუტად ცდილობენ ყველა აღსაზრდელი პირადი ღირებულებების თარგზე გამოჭრან. ქართულ ლიტერატურაში უმეტესად ასეთ ისტორიებს აღმოჩენთ. მათი დახმარებით შეიძლება კარგად შეიმეცნო გაკვეთილი თემაზე – „როგორი არ უნდა იყოს სკოლა“. მაგრამ ისიც ხომ გაინტერესებს, როგორი უნდა იყოს?! ამიტომ ისევ განვაგრძე რეალური ამბების ძებნა მასწავლებლებსა და მოსწავლეებზე, მათ ურთიერთობაზე და ერთხელაც ძალიან საინტერესო ისტორიას მივაგენი.
ჯემალ ქარჩხაძის „სასწაული“ პირველი მოთხრობა იყო, სადაც მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთდამოკიდებულებაზე გაცილებით მეტი ამოვიკითხე, ვიდრე, სკოლაზე აქამდე წაკითხულ ყველა წიგნში ერთად. სკოლის საფეხბურთო გუნდის ცენტრალური თავდამსხმელის, „რომელსაც ისე რა ღმერთი გაუწყრებოდა, ერთი-ორი ბურთი არ გაეტანა მოწინააღმდეგის კარში“ და ბატონი რაჟდენ კაპანაძის (გეომეტრიის მასწავლებელი) ორთაბრძოლის მსგავსი ალბათ ყველა ჩვენგანს უნახავს ან თავს გადახდენია. გია ბარბაქაძე ყველა მოსწავლისთვის საძულველ უბის წიგნაკში მეასე და, როგორც მოთხრობის მიწურულს აღმოჩნდება, ბოლო ნომრად ჩანიშნული გამოწვევაა. ბიჭი პირველ აღმოჩენას საშემოდგომო გამოცდისგან თავის დაძვრენის მიზნით დაუძინებელი მტერთან – სკამზე ნებივრად გადაწოლილ, ენამახვილ ბერიკაცთან სტუმრობისას, მისი ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ გააკეთებს:
„მან პირველად ახლა იგრძნო თვალნათლივ, რომ მასწავლებელი არაფერი ყოვლისშემძლე არსება არ ყოფილა და რომ მასაც ჰყოლია მისი სულთამხუთავი“.
ზოგიერთ მოსწავლეს დღემდე უჭირს მასწავლებლის ჩვეულებრივ ადამიანად აღქმა და ვერაფრით წარმოუდგენია, რომ მასაც შეიძლება რამე უჭირდეს. ხშირად მოზარდებს მცდარი წარმოდგენა ექმნებათ უფროსებზე და იმას იჯერებენ, რასაც შიშის დიდი თვალებით ხედავენ. მაგალითად, მასწავლებლის „კუდიანებით“ გამოტენილ უბის წიგნაკს, რომელიც თურმე „მორჯულებული ჭირვეულების“ ნიშნების ანბანით დაწერილ ისტორიას ინახავს. ამ წიგნაკში 99 დასრულებული ამბავი წერია. ერთი შეხედვით, უთანასწორო ბრძოლაში მოულოდნელად გამარჯვებული „მეასე“ კი თავის მომავალს თვითონვე დაწერს, საკუთარ კარში გასატან გოლს აუცილებლად გაიტანს.
ჩემი ჯერჯერობით ბოლო აღმოჩენა სულ ახალი, დღევანდელი ამბებით სავსე სკოლის ისტორიაა. მასწავლებლის (თამარ გეგეშიძე) კალმით დაწერილი სადებიუტო რომანი („სული-ჩიტი“) მოგვითხრობს სკოლის ცხოვრებაზე, რომელსაც ავტორი ძალიან კარგად იცნობს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს წიგნი მოზარდებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს ერთნაირად მოეწონებათ. წიგნის მთავარი პერსონაჟი გულისხმიერი ადამიანებისა და მეგობრად ქცეული მეტოქეების დახმარებით იზრდება და თავისი სული-ჩიტის მსგავსად სწავლობს ფრენას. ნათქვამია, რაც არ გვკლავს გვაძლიერებს, რადგან დაცემის შედეგად წამოდგომას ვსწავლობთო. ეს წიგნიც წამოდგომის გაკვეთილებზეა, სკოლაში თუ მის მიღმა იქამდე რომ გვიტარებენ, სანამ მყარად არ დავდგებით ფეხზე.
ერთ პატარა ისტორიას მეც ვინახავ მეხსიერებაში. მოსწავლეობის წლები არცთუ ისე სასიამოვნოდ გავატარე, მაგრამ სინათლის სხივი ამ ყველაფერს ნამდვილად ახლდა. რამდენჯერად „ვეფხისტყაოსანს“ გადავფურცლავ ან ლუი დე ფიუნესის ფილმს გაუშვებენ ტელევიზორში, წარმოსახვაში მიცოცხლდება ჩემი პირადი რაჟდენ კაპანაძე, რომელიც ზემოაღნიშნული პოემის ერთ-ერთი ძლევამოსილი პერსონაჟის სახელს ატარებდა და მისი შესაფერისი არწივის პროფილითა და გამოხედვით გახლდათ დაჯილდოვებული. მაღალს კი არა, რაღაცნაირად გრძელ და საოცრად სხარტ მამაკაცს მუსიკის მსგავსად მხოლოდ ფრანგული კინო უყვარდა და იმ სახელგანთქმულ „Piti Piti Pa“-ს ადამიან ორკესტრზე სასაცილოდ ასრულებდა. მხოლოდ ერთხელ ვახსენე საჯაროდ, ისიც მხოლოდ ისტორიის პატარა ეპიზოდად. შემდეგ შემთხვევით ქუჩაში შევხვდი და მისაყვედურა, აბა რა სალაპარაკო თემა მნახეო?! მეც რატომღაც დამნაშავესავით შევცბი და უკან დავიხიე. ვეღარ მოვყევი ამბავი ერთ ჭორფლიან, მწვანეთვალება და მოკლეთითება გოგოზე, ცერიდან ნეკამდე მანძილი ერთ ოქტავაზე მოკლე რომ ჰქონდა და მისთვის საფორტეპიანო კლასის თუ თანატოლთა სახლის კარები ერთიმეორის მიყოლებით იხურებოდა (მოკლე თითების, ჭორფლების და ვინ იცის, კიდევ რის გამო). სწორედ ამ დროს გამოჩნდა ჰორიზონტზე ქართველი „ადამიანი ორკესტრი“. მისი საკლასო ოთახის ფანჯარასთან სულ სხვანაირად ირხეოდნენ ნაძვები, ფოთლებივით შრიალებდა მათი წიწვები და მოსწავლეებს სიმშვიდეს უნაწილებდა. ისიც – „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟი მოთმინებით ისმენდა „მოსარჯულებელი ჭირვეულების“ თითებქვეშ გათელილ მუსიკალურ შედევრებს და ყოველთვის პოულობდა ერთ ისეთ მიზეზს, წინ გადადგმულ ნაბიჯად რომ აღენიშნა, პატარა, მაგრამ მაინც წარმატებად ჩაეთვალა…
ჩვენი მომდევნო შემთხვევითი შეხვედრის თარიღს მათემატიკოსები უკეთ გამოითვლიან. მე კი, რადგან ალბათობის თეორიაზე ბევრი არაფერი ვიცი, ისღა დამრჩენია, ბავშვობის სკოლასა და დიდი შოთას პერსონაჟთან დაკავშირებულ მოგონებებს იქამდე გავუფრთხილდე, სანამ არ დავწერ.
No comments:
Post a Comment