Friday, July 5, 2019

როგორ მოიპოვოთ მხარდაჭერა სამსახურში? – მეტი ისაუბრეთ შვილებზე!

რამდენჯერ გითქვამთ ტყუილი სამსახურში, რომ ის დრო გამოგეყენებინათ, რაც შვილებზე საზრუნავად გჭირდებოდათ? შესაძლოა, ეს ის მომენტი იყო, როდესაც საკონფერენციო ზარი გათიშეთ, რადგან ოთახში თქვენი პატარა შემოვიდა, სხვებს კი რაღაც სხვა მიზეზი უთხარით.
შესაძლოა, ბავშვი ავად იყო, სკოლაში ვერ გაუშვით, მაგრამ ბოსს უთხარით, რომ თავად ხართ ავად. ან, პროფესიული კონფლიქტის მიზეზით, გსურდათ შეხვედრის დროის შეცვლა, რათა შვილის კონცერტს დასწრებოდით… პროფესიონალთა უმეტესობა, რომლებიც ამავდროულად, მშობლებიც არიან, ამ სიტუაციებს მარტივად ამოიცნობენ. დამშვიდდით. თქვენ სულაც არ ხართ მარტო. ეს ერთნაირად აწუხებთ როგორც ჩვეულებრივ თანამშრომლებს, ისე ხელმძღვანელ პოზიციებზე მომუშავე მშობლებს.
ეკონომისტი ემილი ოსტერი, უამრავ მომუშავე მშობელთან საუბრის შემდეგ, ამბობს: “ერთი რამ, რაც ყველაზე ხშირად მოვისმინე და რასაც ნაკლებად ველოდი ისაა, რომ მშობლები ხედავენ აუცილებლობას, მაქსიმალურად შეამცირონ ოფისში ბავშვების კვალი. ამის არსი ისაა, რომ ყოველ მათგანს აქვს ასეთი რეალობა: დეკრეტული შვებულების დასრულების შემდეგ, ბავშვი უნდა “ქრებოდეს” სამუშაო საათებში და თვალთახედვის არეში მხოლოდ არასამუშაო საათებში ჩნდებოდეს.”
“საიდუმლო მშობლობის” პრობლემა
უსტერი ირწმუნება, რომ ასეთი ტყუილი არამხოლოდ გაუმართლებელია, მოითხოვს გონებრივ და ემოციურ რესურსებს, რისი დახარჯვაც სხვაგან უფრო გამოსადეგი იქნებოდა, არამედ გვაშორებს ნამდვილი საუბრებისგენ იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი სამუშაო გარემო ისე, რომ მასში ყველა თანამშრომელმა კარგად შეძლოს მუშაობა.
თუკი ყველა დაიწყებს თვალთმაქცობას, რომ არ აქცევენ საოჯახო საქმეებს ყურადღებას სამუშაო საათებში, ვერც ვერავინ იფიქრებს, რომ ესაა პრობლემა და ცვლილებებს მოითხოვს. ეს ცუდია არამხოლოდ თავად მშობლებისთვის, არამედ დამსაქმებლებისთვისაც.
“როდესაც მშობელს არ აქვს კომფორტი, იზრუნოს შვილებზე სამუშაო საათებშიც, ეს კომპანიას ძვირად დაუჯდება, რადგან ღირებულ თანამშრომელს დაკარგავს,” – ამბობს ოსტერი.
ამასთან, ის მშობლები, რომლებიც ისე იქცევიან, თითქოს შვილები არ ჰყავთ, ტოქსიკურ მაგალითს აძლევენ ახალგაზრდა, ჯერ კიდევ, დასაოჯახებელ თანამშრომლებს დამსაქმებლის მოლოდინებსა და პრიორიტეტებზე. თუკი მშობლის ფუნქციას საიდუმლოდ ითავსებთ, დაფიქრდით, იქნებ, ამით უფრო მეტ მავნებლობას სჩადიხართ, ვიდრე კარგ საქმეს აკეთებთ?
ყველაზე მარტივი მიდგომა, რაც ხელმძღვანელს ასეთ სიტუაციაში შეუძლია გამოიყენოს
საბედნიეროდ, დეკრეტული შვებულების აღებისგან განსხვავებით, ამ პრობლემის მოგვარება, რაც მშობლებს სამსახურთან მიჯაჭვულობის განცდას უქმნის, მარტივად შეიძლება. უბრალოდ, მოყევით თქვენს შვილებზე სამსახურში და ეს დაიწყეთ თქვენი ხელმძღვანელით.
მაგალითად,
“სამაგისტროს ვიცავდი, როდესაც პირველი შვილი შემეძინა. როცა სამსახურს დავუბრუნდი, ის მხოლოდ რამდენიმე კვირის იყო. მეშინოდა, რაიმე რომ არ გამომსვლოდა, რომ თანამშრომლები იფიქრებდნენ, საქმეს არასერიოზულად ეკიდებაო…”
ასეთ დროს, თან გინდათ, რომ საქმე კარგად გამოგივიდეთ, თავდაჭერილი იყოთ და თან დაუოკებელი სურვილი გაქვთ, თქვენი პატარას ყოველი ახალი დღე, ახალი სიტყვა თუ საქციელი სხვებსაც გაუზიაროთ. ეს ყველა მშობლისთვის რთული გამოცდაა. იმდენად რთული, რომ ბევრი ამის გამო საერთოდ უარს ამბობს შვილების გაჩენაზე, “სანამ კარიერას არ აიწყობს”… ბევრს ეშინია, რომ თუკი ვინმე შვილზე ზრუნვას შეატყობს, გაუჭირდება კარიერული წინსვლა, უფრო მეტ პრესინგს იგრძნობს ხელმძღვანელობისგან. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც, შეიძლება ბავშვიანმა ადამიანმა უარი თქვას საქმეზე და შვილის გარდა ყველანაირი გარემოება დაასახელოს. თუმცა, იყო მშობელი, სიამაყის განცდას უნდა გიჩენდეს და არ გრცხვენოდეს, არ გრძნობდე თავს შეზღუდულად ამის გამო. და თუკი, რაიმეზე უარის თქმა გჭირდებათ, იქნებ, სცადოთ და თქვათ, რომ ამის მიზეზი ბავშვები არიან?
ოსტერის თქმით: “მე ვცდილობ ასეთ საკითხებზე ვისაუბრო უმცროს კოლეგებთან, ვისაც შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, ნორმალურია თუ არა ასეთი შეზღუდვების ქონა მათთვის…”
ღიაობა არეგულირებს ორივეს: მზრუნველობით პასუხისმგებლობასაც და კარიერასაც და ორგანიზაციებს მშობლებთან დიალოგის საშუალებას აძლევს, რაც კომპანიაზე მხოლოდ დადებითად აისახება. ამ მიდგომის გამოყენება თავისუფლად შეუძლიათ იმ მშობლებს, რომლებსაც ხელმძღვანელი პოზიციები უკავიათ. უბრალოდ, სამუშაო მაგიდაზე განათავსეთ თქვენი შვილების სურათები და არ შეინახოთ საიდუმლოდ მათი ამბები, არც ის, თუ რა გავლენას ახდენენ ისინი თქვენს ყოველდღიურობაზე. ესაა გასაღები კომპანიის კულტურის შეცვლისკენ. ამასთან, თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი მშობელი თანამშრომლებიც მადლიერი დაგრჩებიან.
წყარო: inc

No comments:

Post a Comment