Tuesday, May 7, 2019

“და ჩვენ ვიცეკვეთ” – ქართული ფილმი კანის ფესტივალზე, რომლის ხმის პოსტპროდუქციაზე Post Red Audio-მ იმუშავა

ქართული ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” (And Then We Danced), კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ საკონკურსო სექციაში Director’s Fortnight, 25 ფილმს შორის მოხვდა. სიუჟეტი ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ გვიყვება, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც მას ამბიციური მეტოქე უყვარდება. ფილმის ავტორი ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორი ლევან აკინია. როგორც ფილმის პროდუსერმა, ქეთი დანელიამ გვიამბო, “და ჩვენ ვიცეკვეთ” ლევან აკინის პირველი ქართულენოვანი ფილმია. ამგვარად, მან ნამდვილ ისტორიებზე აგებული, ქართული საზოგადოების პრობლემები გადმოსცა
.
“ფილმი არის თავისუფლებასა და სიყვარულზე, სადაც თამამად და მძაფრად  არის ნაჩვენები ჩვენი საზოგადოების ის პრობლემები, რაც დღეს ძალიან გვაწუხებს, მაგრამ ხმამაღლა ვერ ვსაუბრობთ,” – ამბობს ქეთი დანელია.
“და ჩვენ ვიცეკვეთ” ქართული კომპანიის Takes Film,  შვედური კომპანიის French Quarter Film და ფრანგული კოპანიის AMA Productions კოპროდუქციაა. პროექტი შვედეთის კინოინსტიტუტის (SFI), “კავკასიის კინოსერვისისა” და FILM IN GEORGIA-ს მხარდაჭერით შეიქმნა. გადაღებები საქართველოში მიმდინარეობდა. აქვე გაკეთდა ფილმის ხმის პოსტპროდუქციაც, რომელზეც სტუდია Post Red Audio-მ იმუშავა.
ბესო კაჭარავა
ბესო კაჭარავა, Post Red Audio-ს დამფუძნებელი და ხმის დიზაინერი:ფილმი როგორც კი ვნახეთ, ყველამ ერთხმად აღვნიშნეთ, რომ ის დიდ წარმატებას მიაღწევდა და ასეც აღმოჩნდა: „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კანის კინოფესტივალზე მოხვდა “Directors’ Fortnight”-ის სექციაში. ეს იმას ნიშნავს, რომ Post Red-ს პირველად აქვს ისეთ ფილმზე ნამუშევარი, რომელიც A კლასის ფესტივალზე იქნება ნაჩვენები… მთელი ჩვენი გუნდისთვის ძალიან საამაყო ფაქტია.
ამ პროექტზე მუშაობა მარტის პირველ რიცხვებში დავიწყეთ და ფაქტობრივად, მხოლოდ 2 თვე გვქონდა მის დასასრულებლად, რაც საკმაოდ ცოტა დროა სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც, ჩვენი გუნდის არცერთ წევრს თავი არ დაუზოგავს, რომ ასეთ მოკლე დროში მოგვესწრო ფილმის დასრულება.”
M: რა გამოწვევები გქონდათ მუშაობის პროცესში?
ფილმის მთავარი გმირი ქართულის მოცეკვავეა, რომელიც ფილმის მანძილზე ხშირად რეპეტიციობს. შესაბამისად, ამ ილეთების გამეორება უწევდა ჩვენს ფოლი არტისტს (რომელიც ფილმში არსებულ თითოეულ მოძრაობას იმეორებს და თავიდან იწერს). ეს ჩვენი ფოლი არტისტისთვის, ბიკო გოგალაძისთვის, ძალიან სპეციფიკური სამუშაო იყო, რადგან მას აქამდე არ ჰქონია ასეთი შემთხვევა. თუმცა გაგვიმართლა – ბიკომ შესანიშნავად იცის ქართული ცეკვა და შეძლო ამ გამოწვევასთან სათანადოდ გამკლავება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ძალიან შრომატევადი საქმეა და დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს.

M: თქვენ თქვით, რომ ფილმისთვის სპეციფიკური მუსიკა შეიქმნა. გვიამბეთ ამაზე…
ზვიად მღებრიშვილი
ზვიად მღებრიშვილი, კომპოზიტორი:ფილმში ბევრგან არის გამოყენებული ქართული მუსიკა, ის რასაც ყოველდღიურად ვისმენთ და ყოველდღე გვხვდება – დაწყებული ქართული ფოლკიდან, ქალაქური თუ ეთნო-ჯაზიდან, დამთავრებული ელექტრონული თუ პოპ-მუსიკით, რაც უფრო მეტად აჩვენებს ქალაქის დინამიურობას და ქართველი ხალხის ტემპერამენტს.
ასევე, გადავაკეთეთ ბევრი ცნობილი ხალხური ნაწარმოები და ისინი უფრო ეგზოტიკური სახით წარმოვადგინეთ.
გამოვიყენეთ უცხოური ნაწარმოებებიც, მათ შორის ABBA-ს “Take A Chance On Me”. ABBA-ს ძალიან მოეწონა ეს პროექტი და მხარდაჭერის მიზნით, უფასოდ გადასცა ამ სიმღერის გამოყენების უფლება.
ასევე, ფილმში არის საცეკვაო მუსიკა, რაც ხშირად ჟღერს ცეკვის სარეპეტიციო დარბაზებში. ამგვარი მუსიკა უფრო დინამიკურად მოვარგეთ სურათს და კინოთეატრისთვის უფრო სასურველი ჟღერადობა მივეცით. ზოგადად, მუსიკა მთლიან ფილმში ძალიან დიდი როლს თამაშობს, ბევრ რამეს გვკარნახობს შინარსობრივად, სწორად ქმნის გარემოს და განწყობას მაყურებლისთვის.
ფილმის გადაღების პროცესზე ქეთი დანელია გვესაუბრა:პროფესიონალ ქართულ ჯგუფთან ერთად ვიმუშავეთ, რომელთაც ზუსტად ისე აწუხებდათ ფილმში ნაჩვენები პრობლემები, როგორც ავტორს. ყველამ უდიდესი შრომა და ენერგია ჩადო. მართალია, მუშაობის პროცესში, ძალიან ბევრი პრობლემა შეგვექმნა ფილმის სიუჟეტის გამო, ბევრმა ადამიანმა უარი თქვა თანამშრომლობაზე, ბევრი გადასაღები ლოკაცია დაგვებლოკა… მაგრამ ეს ყველაფერი კიდევ უფრო ამყარებდა ფილმში ნაჩვენებ პრობლემებს. ფილმში ნაჩვენები პრობლემები, ჩვენი ყოველდღიური პრობლემები იყო. ფაქტობრივად, ფილმში ნაჩვენები სცენები, ჩვენი მუშაობის პროცესშიც ვითარდებოდა.

ჩვენთვის სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ფილმის დამდგმელი ოპერატორი და მთავარი გამნათებელი (გაფერი) ქალები არიან. ისინი შვედეთიდან ჩამოვიყვანეთ. ჩვენთვის და ლევანისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია გენდერულად დაბალანსებული გარემო. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოშიც გაუჩნდებათ ქალებს მსგავს პოზიციებზე მუშაობის შესაძლებლობა.”
M: როგორია თქვენი მოლოდინი კანის კინოფესტივალზე?
ის, რომ ფილმი კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight სექციაში, 25 ფილმს შორის მოხვდა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, როგორც ჩვენთვის, ასევე, ქართული კინოინდუსტრიისთვის. წლებია, ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი საკონკურსო სექციაში არ ყოფილა. აღნიშნულ სექციაში, შარშან გასპარ ნოეს ფილმმა „Climax“ გაიმარჯვა. იმედი გვაქვს, ჩვენც კარგი ამბებით დავბრუნდებით. როგორც გავიგეთ, სელექციისას ფილმს ძალიან კარგი შეფასება ქონდა. მათ შორის, კანის კინოფესტივალის დირექტორის, ტიერი ფრემოს მხრიდანაც, რომელმაც პრესკოფერენციაზეც აღნიშნა, რომ ძალიან საინტერესო ფილმებს ელოდება საქართველოდან და უკრაინიდან. სექციის დირექტორმა პაოლო მორეტიმ აღნიშნა: “ესაა სიყვარული, რომელიც კონსერვატიულ გარემოს ყირაზე დააყენებს” (რაც, ჩვენი აზრითაც, ასე იქნება). ფილმის პრემიერა გაიმართება 16 მაისს. დამატებით, 2 ჩვენება – კი 17 მაისს შედგება.

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

No comments:

Post a Comment